მაია ცქიტიშვილი - თუ ზომების გამკაცრების აუცილებლობას დავინახავთ, ჩვენ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსთავის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება.

თუმცა, როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ცალკეულ რეგიონებში, ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირბით მე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, ამ ეტაპზე ეს მსჯელობა არ ყოფილა დღეს. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ ცალკეულ კონკრეტულ აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, არ დაგიდასტურებთ ასეთ მსჯელობას, თუმცა, არ არის გამორიცხული, არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით მთავარია, დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია. მხოლოდ ამ რეკომენდაციების და შეზღუდვის დაცვის შემთხვევაში შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე. თუ სამწუხაროდ, ეს რეგულაციები არ იქნება დაცული ზედმიწევნით, თუ მოქალაქეები არ მოგვყვებიან ამ ვალდებულებების შესრულებაში, ან თუ ჩვენ გვექნება ცალკეულ კლასტერში, ცალკეულ რეგიონში, ცალკეულ დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, ისევ და ისევ ჯანდაცვის ექსპერტების მითითებით ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს ზომების გამკაცრება ცალკეულ ვიწრო კონკრეტულ შემთხვევაშიც, ან მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ ამის აუცილებლობა დადგება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.