„თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნეს სექტორს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების დახმარებისკენ, უპრობლემოდ ხორციელდება.
„ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიმართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი თანადგომა. შესაბამისად, ყველა ეს პროგრამა და პროექტი ყოველგვარი პრობლემების გარეშე ხორციელდება და ვაგრძელებთ იმ ოჯახების და ადამიანების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.
თქვენ იცით, რომ იჯარის გადახდისგან გავათავისუფლეთ ყველა ის კაფე-ბარი, რომელსაც კაფეების წინ აღებული ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიები და ყოველთვიურად უწევდათ გადასახადების გადახდა. ერთი წლის განმავლობაში გათავისუფლებული არიან ამ გადასახადებისგან და ასევე, ყველა ის მოიჯარე, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული შენობა-ნაგებობა იქნება ეს თუ მიწა, სამი თვის განმავლობაში, ეს ბიზნესიც გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან. თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნესსექტორს. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ კომუნალურ შეღავათებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის მხრიდან გაჟღერებული იქნა, როგორც ელექტროენერგიაზეა იქ საუბარი და გაზზე, ასევე ნარჩენების გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში“, - განაცხადა კალაძემ.