ნათია თურნავა - მზად უნდა შევხვდეთ ეტაპს, დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს

მართალია, ჯერ კიდევ შუა ეტაპზე ვართ და პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას განმარტებით, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში აამოქმედებენ ეკონომიკის სფეროში არსებულ ყველა ბერკეტს და პროგრამას.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს, უკვე დავიწყოთ მუშაობა პოსტ-კრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას - კორონავირუსს. რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც ასე მოვიქცევით. მართალია, ჯერ კიდევ შუა ეტაპზე ვართ და პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს, მიაღწიოს წინა ნიშნულებს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კრიზისული გეგმის პირველი ამოცანა იქნება ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ აუცილებელი პროდუქტებით.

„პრემიერ-მინისტრის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავამოქმედებთ უკვე არსებულ ყველა ბერკეტს. ახლა ჩვენი მთავარი პოსტ-კრიზისული ამოცანა იქნება პირველ რიგში განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი და ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.