„აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიცაა, სჯობს, ვემზადოთ უარესისთვის და მერე გაგვიხარდეს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, საქართველოში ეკონომიკის 0%-იან ზრდასთან დაკავშირებით, „გარკვეულწილად ოპტიმისტურია“.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სჯობს ქვეყანა უარესისთვის ემზადოს და „მერე გაგვიხარდეს ყველას ერთად, რომ უკეთესს მივაღწევთ“.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, საკმაოდ რთულია ახლა კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, რადგან ისევ და ისევ დამოკიდებულები ვართ იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის გამოწვევა, არა მარტო საქართველოში, გლობალურად. დამოკიდებულები ვართ ასევე იმაზე, რამდენად სწარაფად ამოიქოქება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა, არამედ, გლობალური ეკონომიკა. ვიტყოდი, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიც არის. ჯობს, ჩვენ ვემზადოთ უარესისთვის და მერე გაგვიხარდეს ყველას ერთად, რომ უკეთესს მივაღწევთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის წარდგენა განახლებული პარამეტრებით მოხდება სწრაფად, მას შემდეგ, რაც მთლიანად ექნება მთავრობას დახმარების პაკეტი ჩამოყალიბებული. „ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც გადაწყობილი იქნება დახმარებაზე და მომავალში კიდევ მხარდაჭერაზე და ბიზნესის სტიმულირებაზე“, - განაცხადა თურნავამ.