ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი ექნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი ექნება, მათ შორის მოხდება სოფლის მეურნეობის დახმარებაც. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა პოსტკრიზისულ სიტუაციაში სწრაფი ტემპით მოხდეს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო გადამამუშავებელი დარგის სწორი სტიმულირება.

“დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება იმაზე, რომ საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად ექნება თავისი კონკრეტული ადეკვატური პასუხი ეკონომიკურ გამოწვევებზე - ეს იქნება 2 მილიარდი დაკრედიტების შესაძლო რესურსი საბანკო სფეროდან, რომელიც გადანაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, მათ შორის ეს მოიცავს სოფლის მეურნეობას თუ საკვებ ინდუსტრიას. ამაზე ჩვენ გვექნება დარგობრივი პროგრამები, რომელსაც განვიხილავთ ექსპრტებთან შემდეგი დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში ჩვენ ვიყოთ აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ სწრაფი ტეპით მოვახდინოთ როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სასურსათო გადამამუშავებელი დარგის სწორი სტიმულირება”, - განაცხადა მინისტრმა.