„ბინების გაყიდვა ფაქტობრივად, ნულზეა დაყვანილი“ - ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისივე თქმით, კორონავირუსის გამო ბევრმა სამშენებლო კომპანიამ საქმიანობა დროებით შეწყვიტა.
“ამ პერიოდში სამშენებელო სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გაყიდვების შემცირებაა. საქართველოს პირობებში დეველოპმენტი ძირითადად გაყიდვებზეა დამოკიდებული. ანუ დღესდღეობით ბინების გაყიდვების ტემპი შემცირებულია და ფაქტობრივად, უკვე ნულზეა დაყვანილი. შესაბამისად, ბევრი კომპანია, რომელსაც კარგი რეალიზაცია აქვს და არაა მიბმული შიდა განვადებაზე, სწორედ ამ მოვლენების გამო აჩერებს უკვე მშენებლობას. ეს რა თქმა უნდა, ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. მე მგონია, რომ აპრილის შუა რიცხვები ჩვენთან ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება და მაისიდან ჩვენ ისევ დავიწყებთ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში“- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების შემდეგ სამშენებლო სექტორი იმ პირობით აგრძელებს მუშაობას, რომ ისინი მთავრობის რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ.
ნოდარ სირბილაძე