საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან დისტანციური შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხევდრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი.

დისტანციური შეხვედრის მსვლელობისას, რომელშიც 130-მდე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩართული, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და ამ შეზღუდვების კორექტირების შესაძლებლობას.

საქართველოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაწესებული შეზღუდვები არის დროებითი და ემსახურება მოაქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. მათი თქმით, ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც წარმოადგნენ საკმარის დასაბუთებას, რომ მათი საქმიანობა შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სპეციალურ გაიდლაინებს, ექნებათ ოპერირების შესაძლებლობა. საუბარი შეეხო არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვებს, მშენებლობებსა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობას, მოქმედი წარმოებების მიწოდების ჯაჭვში არსებულ საწარმოებს და ა.შ.

„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ბიზნესისთვის, ასევე თავად მთავრობის წევრებისთვის, რადგანაც ამ არაორდინარულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას წარმოუდენლად რთულია გაითვალისწინო ყველა ის წვრილმანი, რომელიც ბიზნესის საქმიანობისას თან ახლავს. შესაბამისად, დღეს ბიზნესის მხრიდან გაჟღერებული პრობლემები და გაზიარებული მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება თავად მთავრობის წევრებისთვის, რათა ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც მაქსიმალურად მოხერხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ბიზნეს ინტერსების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.