სასურსათო წარმოებას ხელს შევუწყობთ და იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში იმპორტს ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„სასურსათო სექტორს შეუძლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი იყოს, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას ხელს შევუწყობთ და იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში იმპორტს ჩაანაცვლებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იყო. პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ - აგრარული დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა -თვითუზრუნველყოფის ზრდას და აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრი გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომლის თანახმად, ნაკლებად კონკურენტუნარიანი წარმოებების მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური გარემო შეცვლილია.
„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები და ანალიზი. გაერო მოუწოდებდა ცალკეულ ქვეყნებს, არ შემოეღოთ სავაჭრო შეზღუდვები, რათა სასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ჩვენ, არსებულ ვითარებაში, ვერ დაველოდებით სხვადასხვა ქვეყნის კეთილ ნებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკა ლიბერალურია და გახსნილია საბაზრო რეჟიმები, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე, განსხვავებით ბევრი კრიტიკოსის და ოპოზიციონერისგან, რომლებიც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტს ირჩევდნენ და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო ქართული წარმოების მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად კი, ბევრი ქართული პროდუქტი გაჩნდა დახლებზე. ისეთი წარმოებები, რომლებიც შეიძლება თავისუფალ რეჟიმში არაკონკურენტუნარიანი იყოს, მაგალითად, აგარის შაქრის ქარხანა, გარკვეული ხელშეწყობის პირობებში - ეს იქნება შეღავათიანი სატრანსპორტო რეჟიმები ან საკრედიტო მექანიზმები - შეძლებენ წარმოების აღდგენას ან დაწყებას. იგივე შეიძლება ითქვას პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე, როგორიც არის, მაგალითად, მაკარონი, რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება ვერ იყოს კონკურენტუნარიანი,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მწარმოებლებთან დაწყებულია კომუნიკაცია, რაშიც ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები აქტიურად არის ჩართული. „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმება. როდესაც ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს. იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.