შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი აგრარული ბაზრები ცოტა ხნის წინ დაიხურა. საგანგებო შტაბის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს დღეს დილით აცნობეს. რეგიონის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს.
„გუშინ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეგიონის ჭრილში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაღალი რისკების გათვალისწინებით, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯით, კიდევ უფრო შემცირდება მუნიციპალიტეტებს შიგნით მოსახლეობის გადაადგილება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში 6 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებდა, მათ შორის 2 - გორში.