გარემოს დაცვის სამინისტრომ აუქციონის წესით ხე-ტყის რეალიზაცია დაიწყო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ აუქციონის წესით ხე-ტყის რეალიზაცია დაიწყო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 8 აუქციონი უკვე ჩატარდა და 1800 მეტრ კუბი სამასალე მერქნული რესურსის რეალიზაცია მოხდა.

რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ლევან ტაბუცაძესთან ერთად ნიკორწმინდის სატყეო უბანზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ელგუჯა ხოკრიშვილი ონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის გადამამუშავებელ ქარხანაში მასალის გადამუშავების პროცესს დაესწრო და დასაქმებულ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის გუბერნატორის მოადგილე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვა წარმომადგენლები.

სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო აუქციონის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გვერდზე – eauction.ge და სააგენტოს ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.

ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტს ახორციელებს. მთავრობის 242-ე დადგენილებით, მას მიენიჭა უფლება, თავად დაამზადოს ხე-ტყე და უზრუნველყოს მისი რეალიზაცია აუქციონის წესით.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვით შესაძლებელი გახდება შენარჩუნებული და გაუმჯობესებული იქნეს ტყეების სასარგებლო ფუნქციები და თვისებები. საპილოტე პროექტიდან მიღებული შემოსავლები ტყის მოვლას, აღდგენასა და დაცვას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. შედეგად, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაიზრდება სატყეო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში.