„კორონავირუსის გამო, შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა“,- ამის შესახებ „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ადამინები, ისევე როგორც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები პროდუქტებს იმარაგებენ, შესაბამისად, მათ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა.
თუმცა, როგორც ვანო გოგლიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათის გამოცხადების გამო, წარმოების დღიური გეგმა შემცირდა, რადგან თანამშრომლების ნაწილი რაიონიდან დადის, სამუშაო დრო კი გაცილებით ადრე სრულდება.
„კომპანიის საქმინობას კორონავირუსით განსაკუთრებით დიდი პრობლემები არ შექნია. იმიტომ, რომ ჩვენს ნედლეულს ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტები წარმოადგენს, რომლის მარაგები ჯერ-ჯერობით გვაქვს და ახლა ამას ვამუშავებთ. რაც შეეხება გადამუშავებას, ცოტა შევამცირეთ დღიური გეგმა, რადგან 9 საათის შემდეგ ჩვენი ყველა თანამშრომელი სახლში უნდა იყოს და იქიდან გამომდინარე, რომ მათი ნაწილი რაიონიდან დადის, ადრე გვიწევს სამსახურის დასრულება.
თუმცა, ამ ეტაპზე წარმოების შემცირებას არ ვაპირებთ, რადგან გვაქვს ბევრი შეკვეთა. როგორც იცით, ჩვენ ასევე ვამზადებთ ხორცის კონსერვებს, სხვადასხვა წვენს, ტომატ-პასტებს, ამიტომ ამ მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, კორონავირუსის დროს. ადამიანები, ასევე სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციები პროდუქტებს იმარაგებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენს საწამოს დიდი პრობლემები არ შექმნია, განრიგის გარდა“,-ამბობს ვანო გოგლიძე.
რაც შეეხება ექსპორტს, როგორც „კულას“ დამფუძნებელი აცხადებს, კომპანია დეკემბერ-იანვარში აღებულ შეკვეთებს ახლა აგზავნის. მომავლ თვეებში კი იმედოვნებს, რომ შეკვეთები განახლდება, რადგან ქართულ პროდუქტზე სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნა დიდია.
„რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, ჯერ-ჯერობით შეფერხება არც აქ არის, რადგან კორონავირუსი ჩვენთან ერთი თვეა რაც დაიწყო, შეკვეთები კი მიღებული გვქონდა დეკემბერ-იანვარში, რომელიც ახლა მარტ-აპრილში უნდა გადაგვეტვირთა. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ახალი შეკვეთები ჯერ არ გვაქვს, თუმცა, დრო გვიჩვენებს, რამდენ ხანში განახლდება. სავარაუდოდ, შეკვეთები მალევე წამოვა, რადგან მოთხოვნა დიდია“,- ამბობს ვანო გოგლიძე.