როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის შემდეგ

კორონავირუსის 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე გავრცელებამ, ვირუსით მილიონზე მეტი ადამიანის დაინფიცირებამ თანამედროვე მსოფლიოზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

კორონავირუსის გამო გაკოტრდა ათასობით კომპანია, სამსახურის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი, სახელმწიფოები კი კრიზისის დასაძლევად მილიარდებს ხარჯავენ. ექსპერტების ვარაუდით კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევას არათუ რამდენიმე თვე, არამედ, შესაძლოა, წელიც კი დასჭირდეს.

CNBC-ის ინფორმაციით კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური დაღმასვლა მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ის მასშტაბებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც კი გადააჭარბებს.

ფინანსური კრიზისი

Deutsche Welle-ს მიხედვით, მსოფლიოს კორონავირუსის საბოლოო დამარცხება 4.1 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდება, რაც უზარმაზარ თანხას წარმოადგენს.

სპეციალისტების მტკიცებით, ამ ოდენობის თანხის მობილიზება და დახარჯვა მსოფლიოში უზარმაზარ ეკონომიკურ კრიზისს შექმნის. შედეგად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი თუ საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება შემცირდება.

მსოფლიო ეკონომიკის ზრდა

კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე. CNBC-ის მიხედვით, ვირუსის გავრცელებამდე 2020 წლის ბოლომდე მსოფლიო ეკონომიკა საშუალოდ 2.9%-მდე გაიზრდებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე ისინი ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური ზრდა 1.5%-მდე დაეცემა, რაც მსოფლიოსთვის უზარმაზარ ზარალს წარმოადგენს.

სპეციალისტები აქვე აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსი და არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შემცირდეს. მათი მტკიცებით, მსოფლიოს გასული წლების ეკონომიკურ ზრდამდე დასაბრუნებლად რამდენიმე წელი დასჭირდება.

წარმოება

კორონავირუსმა მნიშვნელოვნად დააზარალა წარმოებაც. ვირუსის გამო ჩინეთში წარმოება თებერვლიდან მოყოლებული მკვეთრად შემცირდა. DW-ს მიხედვით, წარმოების შემცირება 2020 წლის ბოლომდე ჩინეთში მშპ-ს საშუალოდ 10%-ით შეამცირებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია, წარმოების ეპიდემიამდე არსებულ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად ქვეყანას რამდენიმე თვე დასჭირდება, რაც მთელს მსოფლიოზე მოახდენს დიდ გავლენას.

ჯანდაცვა

ამერიკული გამოცემის, Politico-ს მიხედვით, მსოფლიო კორონავირუსთან საბრძოლველად მომზადებული არ აღმოჩნდა. გამოცემის მიხედვით, ეს ვირუსმა ნათლად დაგვანახა, რომ ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი ქვეყნების ეკონომიკაც კი არ აღმოჩნდა მზად ვირუსის დასამარცხებლად.

კორონავირუსის საბოლოო დამარცხების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები ჯანდაცვაში უფრო მეტი ინვესტიცის განხორციელებას დაიწყებენ, რათა მომავალში მსგავს გამოწვევას მომზადებულები შეხვდნენ.

უმუშევრობა

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. აშშ-ში პანდემიის გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამსახური 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. სპეციალისტების მტკიცებით, საერთო ჯამში აშშ-ში სამსახურს 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგავს.

აშშ-ის მსგავსად მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის არიან თვითდასაქმებულებიც, რის გამოც რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს კორონავირუსის შედეგად.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიზისის გამო მსოფლიოს მასშტაბით ფინანსური პრობლემა მილიონობით კომპანიას შეექმნა. ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მათ დასაქმებულების ნაწილის სამსახურიდან გაშვება მოუწევთ.

ბექა ბერიაშვილი