სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
„დამსაქმებლებს, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ სპეციალური ზომები, უნდა შეიმუშაონ ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება მათ. მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების შესრულება“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აწერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავზობთ, თუ რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ საგამომცემლო სახლებმა (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა).
კერძოდ, პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
- მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
- ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
- აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
- მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.
დამსაქმებლის ვალდებულებები
სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:
- 1. ტემპერატურული რეაქცია.
- 2. შემდგარი კონტაქტი ინფიცირებულ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.
- 3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.
ამასთან, დამსაქმებელს შეუძლია
- შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;
- გამოიყენოს დასაქმებულების როტაცია;
- მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები, გამოყოს პირი, რომელიც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით.
- რეკომენდირებულია ერთ სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში (მათ შორის პოლიგრაფიულ დანადგარებთან, ხელსაწყოებთან), არაუმეტეს 10 ადამიანის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
- ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით. სასურველია სამუშაო არეალში შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა ან შესაბამისი ბახილების გამოყენება;
- სამუშაო ადგილებზე (მათ შორის პოლიგრაფიულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან) განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
- უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
- დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი), დააწესოს კონტროლი მათ გამოყენებაზე და ა.შ.
დადგენილების თანახმად, აუცილებელია პირადი ჰიგიენა დასაქმებულებმაც დაიცვან.