ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს

საფინანსო ბაზარს კიდევ ერთი სუბიექტი ტოვებს - „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“ უქმდება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2 აპრილის განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და იწყება ლიკვიდაციის პროცესი. დაინიშნება ლიკვიდატორიც.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“,- ნათქვამია განკარგულებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის ლიკვიდაციის რეჟიმში არის 17 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბაზარზე კი საქმიანობას 43 მისო აგრძლებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2019 წლის მარტიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით) ბაზრიდან 18 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა.

ელზა წიკლაური