„ესპანური გრიპის“ ეკონომიკური ეფექტი 100 წლის წინანდელ მსოფლიოზე - რა უნდა გაითვალისწინონ ქვეყნებმა

უმეტესად ქვეყნები, მიუხედავად კოლოსალური ეკონომიკური ზიანისა, კორონავირუსს კარანტინით ებრძვიან.

არიან ქვეყნები, რომლებიც არ ჩქარობენ მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას და ამით ბიზნესის და ეკონომიკის არსებულ რელსებზე შენარჩუნებას იმედოვნებენ.

რომელი ქვეყნის სტრატეგია იქნება სწორი და უკეთესი შედეგების მომტანი, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ამერიკელმა მეცნიერებმა, ეკონომისტებმა 100 წლის წინ მომხდარ მოვლენებს მიაქციეს ყურადღება. მაშინ მსოფლიოში ე.წ ისპანკა, ესპანური გრიპი მძვინვარებდა, რომელმაც 50-70 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თითქმის ყოველმა მესამემ გადაიტანა გრიპი და დაახლოებით ყოველი მეათე ინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ამერიკის ის შტატები, რომლებიც უფრო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ, ვიდრე ეკონომიკაზე. თავიდან ყველას ერთნაირად გაუჭირდა, მაგრამ გრიპის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნება, უფრო სწრაფად და ეფექტურად იმ ადგილებში მოხდა, სადაც თავიდანცე შემოიღეს კარანტინი, შეზღუდეს კონტაქტები და წინ წამოწიეს ჰიგიენა.

მაშინდელი პანდემიის განვითარების სცენარი ძალიან ჰგავს ახლანდელს. ისიც აღმოსავლეთიდან დასავლეთით წამოსული ვირუსი იყო. სიეტლში და ლოს ანჯელესში პანდემია შედარებით გვიან შევიდა და ამ ქალაქებმა გაითვალისწინეს სხვა ქალაქების გამოცდილება და მიიღეს მკაცრი ზომები: დახურეს სკოლები, თეატრები, ეკლესიები, აკრძალეს შეკრებები, შეზღუდეს ვაჭრობა, შეაჩერეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოიღეს თვითიზოლაცია, ფიზიკური დისტანცირება და წინ წამოწიეს დამცავი ნიღაბი, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენის სხვა წესები.

ამერიკის ცენტრალური ბანკის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტების თქმით, ქალაქებში, სადაც მკაცრი და გადაუდებელი ზომები მიიღეს, ეკონომიკური ვარდნა არ იყო უფრო მძიმე, ვიდრე სხვაგან. მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური ზრდა უფრო სწრაფად, სწორედ ამ ქალაქებში მოხდა.

აღმოჩნდა, რომ საკარანტინო ზომები არა მხოლოდ სიკვდილიანობას ამცირებენ, არამედ ამსუბუქებენ პანდემიის უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებსაც - ნათქვამია კვლევაში, რომელიც ესპანური გრიპის გავლენას სწავლობს შეერთებულ შტატებზე, სადაც გრიპმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ქალაქებში, სადაც სოციალური დისტანცირების პრაქტიკა გამოიყენეს, სიკვდილიანობა ნაკლები ჰქონდათ, რაც ლოგიკურია. შეზღუდვების დაწესების გარეშე ეპიდაფეთქება ხდება და ეკონომიკა მაინც ჩერდება, შესაბამისად, პოსტპანდემიურ დროში უკვე უფრო რთული ეკონომიკური შედეგები დგება. ჩვენს რეალობაში მკაცრი საკარანტინო ზომები მაინც ტოვებს გარკვეული სექტორების მუშაობის შანსს. ესპანური გრიპის დროს კი არ არსებობდა ინტერნეტი და სხვა თანამედროვე საშუალებები.

დროული ზომების მიღება გამოიხატა ციფრებშიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკარანტინო ზომების ჩატარების ვადებში 10-დღიანმა სხვაობამ ინდუსტრიულ სექტორში დასაქმების 5%-იანი ზრდა გამოიწვია პოსტ-ეპიდემიურ პერიოდში, ხოლო დამატებითმა 50- დღიანმა შეზღუდვებმა სამუშაო ადგილების 6.5 %-იანი ზრდა დააფიქსირა.

აქტიური სოციალური ცხოვრება თანამედროვე ეკონომიკის საფუძველია. კარანტინი, იზოლაცია, სოციალური დისტანცირება, მოთხოვნას ამცირებს და შეამცირებს წარმოებასაც. ბიზნესს არ უყვარს არასტაბილური გარემო და რა თქმა უნდა, შემცირდება ინვესტიციებიც. სწორი და დროული იძულებითი კარანტინი ამცირებს როგორც სიკვდილიანობის პიკს, ასევე პოსტპანდემიურ ეკონომიკურ პრობლემებს. ქმნის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რაც თავის მხრივ ეპიდემიის ჩავლის შემდეგ ეკონომიკურ პროცესებს, მოხმარების და წარმოების ზრდას ნაკლებად მტკივნეულს გახდის.

ქვეყნებმა, რომლებმაც დროულად შემოიღეს კარანტინი, მაგალითად, ტაივანმა და სინგაპურმა, არა მხოლოდ შეამცირეს ინფექციის გავრცელება, ასევე შეამსუბუქეს პანდემიის არასასიამოვნო ეკონომიკური გავლენები.

მსგავსი ზომების მიღებას სკეპტიკურად უყურებდა პრეზიდენტი ტრამპიც, თუმცა მალევე გადაიფიქრა და ახლა უკვე მკაცრი შეზღუდვების მომხრეა. დღემდე არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საკარანტინო ზომებს. მაგალითად, ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარუ, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელიც ვირუსს „მტრების შეთქმულებას“ უწოდებს ირანელთა დასაშინებლად და ქვეყანაში ცხოვრების შესაჩერებლად. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც შეზღუდვების და კარანტინის წინააღმდეგია. მისი თქმით, უმჯობესია მოკვდე ფეხზე მდგომი, ვიდრე მუხლმოდრეკილი. მისივე აზრით, სპორტი ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

ადამიანების გადარჩენა და ეკონომიკის გადარჩენა, ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგებიან. ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული მკაცრი ზომებით და ადამიანების გადარჩენით, ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკის აღდგენის პროცესებს - წერია ამერიკელი ეკონომისტების კვლევაში.

იხილეთ ვიდეო