როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - მერიამ 29 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

დედაქალაქის მერია მიკროავტობუსების შესაძენად 29 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი 13 მარტს გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია, 300 ერთეული М2 კატეგორიის ავტობუსის შეძენაზე.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. დოკუმენტაციაში განსაზღვრულია მიკროავტობუსების ფერიც - კერძოდ, შეყიდვის ობიექტი უნდა იყოს ლურჯი "მეტალიკის" ფერი. რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობას, მიკროავტობუსები, 17 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.

თაია არდოტელი