თებერვალში ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 36 ტონით გაზარდეს

მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვები გაზარდეს. საერთო ჯამში, რეგულატორებმა თებერვალში 36 ტონა ოქრო იყიდეს.

ამასთან, შესყიდვების ზრდა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვართან შედარებით შეინიშნება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირიქით, მაჩვენებელი 52% -ით შემცირდა.

ლიდერი ძვირფასი ლითონების მარაგების შევსებაში, არის თურქეთი. WGC-ის მონაცემებით, ცენტრალურმა ბანკმა 24,8 ტონა ოქრო იყიდა. უმსხვილეს შემსყიდველებს შორისაა რუსეთი, რომელმაც 10,9 ტონა იყიდა. თეორიულად სამეულში უნდა შედიოდეს ავსტრალიაც, რომელმაც, IMF-ის მონაცემებით, 7 ტონა ოქრო იყიდა, თუმცა მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემი ჩამონათვალში ჯერ არ შეუტანია. შესაბამისად, WGC-ის სიაში მესამე ადგილზეა ყაზახეთი, რომლის ცენტრალურმა ბანკმა თებერვალში 1,8 ტონა იყიდა. მას მოსდევს ყატარი (1.6 ტონა).