„შესაძლოა, შიდა ტურიზმი მალე განვითარდეს, როცა ეს გამოწვევა გადაივლის, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი საერთაშორისო ტურიზმია"

შესაძლოა, შიდა ტურიზმი უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი ეს გამოწვევა გადაივლის, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი არის საერთაშორისო ტურიზმი და მოგზაურები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გლობალური კრიზისის ზეგავლენა დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით.

"დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ რა ზარალს განიცდის ეკონომიკა. სხვადასხვა მოლოდინი და პროგნოზებია. ამ ვითრებაში ძალიან რთულია ასეთი პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ვითარებაზე და გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და მთლიანობაში მსოფლიო როდის მოერევა ამ გამოწვევას, რადგან შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი არის საერთაშორისო ტურიზმი და მოგზაურები. ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული. მთლიანაობაში ზარალობს ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი. იმიტომაც ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავამარტივოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზეგავლენა ბიზნესსა და ეკონომიკაზე, შევამოკლოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი. ყველაზე მძიმე ბიზნესების გაჩერების პერიოდი მაქსიმალურად მოკლე რომ იყოს და ასევე, ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის დავალებით პოსტკრიზისულ ბიზნესისა და ეკონომიკის აღორძინებისა და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ ამოვქოქოთ და ავაღორძინოთ ჩვენი ეკონომიკა," - განაცხადა თურნავამ.