ხალხის დიდი ნაწილი ვალებში იხრჩობა

”ეს უკვე საერთო ეროვნული პრობლემაა”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ბოლო ერთ წელიწადში მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. სესხის დამტკიცების გამარტივებულმა პირობებმა ათასობით ადამიანს გაღატაკების საფრთხე შეუქმნა. მათ სესხის გასტუმრების პრობლემა აქვთ. პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება. სპეციალისტების შეფასებით, ეს უკვე აღარ არის ერთი კონკრეტული სექტორის პრობლემა და საერთო ეროვნულ ნეგატიურ ტენდენციად ყალიბდება.

”მოვალეთა რეესტრში” რეგისტრირებულების რიცხვმა მარტო ერთ თვეში 1655-ით მოიმატა, ერთ წელიწადში კი 33 600-ით, რაც ქვეყნისთვის საგანგაშო სტატისტიკაა. დიდი ალბათობით, უახლოესი წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს.

როგორც ჩანს, საბანკო და საფინანსო სექტორის მიმზიდველი პირობები უამრავი მოქალაქისთვის სატყუარაა, რაც მათ სესხის გაუაზრებლად აღებასა და არარეალური ფულის ხარჯვისკენ აშკარად უბიძგებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 7 ოქტომბრის მონაცემებით, რეესტრში 129 184-ზე მეტი პირია რეგისტრირებული, სექტემბრის დასაწყისისთვის კი ეს მაჩვენებელი 127 529-ს არ აღემატებოდა. კიდევ უფრო თვალში საცემია სხვაობა, როდესაც წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ. 2012 წლის დასაწყისისთვის მოვალეთა რეესტრში სულ 70 000 ჩანაწერი იყო, 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისისთვის კი მოვალეთა სიაში 95 583 პირი ფიგურირებდა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება. საბანკო დარგის ექსპერტები და სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, შეცვალონ მიდგომა და საზოგადოების სწორ ინფორმირებას შეუწყონ ხელი, რაც ადამიანებს რისკის სწორად შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება უამრავ მოქალაქეს ვალის დაბრუნების პრობლემას უქმნის და გაღარიბებისკენ მიაქანებს.

თუმცა, ეს არ არის ერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში რეესტრში რეგისტრირებული პირების რაოდენობა იზრდება. საბანკო სფეროს ესპერტს, ლია ელიავას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის შენელების კვალდაკვალ, ქვეყანაში მონოპოლიების მომრავლებაც შეიმჩნევა, რაც წვრილ და საშუალო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას უსპობს.

”იმ პერიოდში, როდესაც საბანკო სექტორი იმყოფებოდა კრიზისულ სიტუაციაში, კომერციული ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები პრობლემურ სესხებთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლოს იშვიათად გადასცემდნენ. უმეტესწილად ცდილობდნენ, სესხების რესტრუქტურიზაცია მოეხდინათ. შეიძლება იმიტომაც, რომ მათ არ ჰქონდათ გირაოდ ჩადებული ნივთების გაყიდვის იმედი. ახლა მდგომარეობა შეიცვალა, საბანკო სექტორი მომძლავრდა და სასამართლოს თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფრო ხშირად მიმართავს. ცხადია, რომ მოვალეთა რაოდენობის ზრდა ეკონომიკური ზრდის შენელების პროცესს უკავშირდება. მართალია, სტატისტიკა საწინააღმდეგოა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალობას უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ.

ვერ ვხედავთ სასიკეთო ცვლილებებს და ეს, ეკონომიკური ზრდის შენელებულ ტემპთან ერთად, მონოპოლიების მომრავლებითაცაა გამოწვეული. ამიტომაა, რომ წვრილი მსესხებლები, მეწარმეები საკმაოდ სწრაფად კოტრდებიან. ინფლაციის ზრდის პარალელურად, მოსახლეობის შემოსავალი არ იზრდება. ადამიანებს ნაკლები თანხა რჩებათ იმისთვის, რომ საკრედიტო დავალიანება გაისტუმრონ”, - განმარტავს ელიავა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ხელფასების ინდექსირება თუ არ განხორციელდება, ვერც ეკონომიკური ზრდა იქნება და ბიზნესიც თანდათან დაკარგავს პოზიციებს.

”ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი მაღალი საკომისიოს გადახდას ვეღარ ახერხებს და სესხი პრობლემურში გადადის. არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ასეთი სესხების რაოდენობა მოიმატებს და ამით სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი გაიზრდება. ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხალხის დიდი ნაწილი. გამოსავალს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში ვხედავ. ვფიქრობ, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. არ მახსოვს, ინდექსირება ინფლაციის ხარჯზე მოეხდინათ, რასაც სხვა ქვეყნებში აკეთებენ. საბოლოოდ კი წვრილი და საშუალო ბიზნესი ზარალდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს”, - აცხადებს ექსპერტი.

ეკონომიკური და სოციალური სფეროს წამყვანი სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ათიდან რვა სესხს ადამიანები გაუაზრებლად იღებენ, რაც საზოგადოებაში ინფორმაციის დეფიციტითაა გამოწვეული. როგორც კაპანაძე აცხადებს, საქართველოში შემოსავლების სტაბილურობის ხარისხი დაბალია, რასაც ეროვნულ პრობლემამდე მივყავართ.

”ტენდენცია არის ასეთი, რომ მოქალაქეებს უნდათ, ჰქონდეთ იმაზე მეტი ფული, რაც რეალურად აქვთ. საქართველოში, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოვალეთა რეესტრში წელიწადში 33 600 ადამიანი ხვდება, რაც ძალიან საგანგაშოა. ეს არის კოლოსალური რაოდენობა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. ადამიანი იღებს სესხს, რომ დახარჯოს ფული, რომელიც სინამდვილეში არ აქვს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ათიდან რვა სესხი გაუაზრებელია. ბევრიც სესხის აღებამდე ხელშეკრულების პირობებს არ ეცნობა და არც ვალის გასტუმრების პერსპექტივა აქვს, რადგან საკუთარ შესაძლებლობას რეალურად ვერ აფასებს. საქართველოში შემოსავლების სტაბილურობის დონე ძალიან დაბალია. როდესაც ადამიანს სტაბილური ხელფასი არ აქვს, სესხს არ უნდა იღებდეს”, - აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია საგანმანათლებლო მუშაობა მოსახლეობაში, რათა რისკის რეალურად შეფასება ისწავლონ და საფრთხე გააცნობიერონ.

”ვფიქრობ, ეს არ არის ერთი სექტორის პრობლემა, იგი საერთო ეროვნული ხასიათისაა. საზოგადოებასთან მეტი საგანმანათლებლო მუშაობაა გასაწევი, რაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. რაღაც დონეზე რეგულაციები უნდა შემუშავდეს. შეიძლება მოქალაქეებზე კრედიტების გაცემა გართულდეს. მეტიც, შეიძლება უკმაყოფილებაც კი გამოთქვან, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ. მთავარია, ადამიანმა მოსალოდნელი რისკის შესახებ მეტი იცოდეს და თავისი ფინანსური მდგომარეობა რეალურად შეაფასოს. პირველ რიგში, დაფიქრდეს, არის თუ არა სესხის გამსტუმრებელი. მთავრობის ფუნქციაა, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოს, რისგანაც პრობლემური სესხის მქონე ადამიანი ძალიან შორსაა”, - აცხადებს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ მოვალეთა რეესტრი, აღსრულების კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1-ლი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”