იაპონიის ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებისთვის 988 მლრდ დოლარს გამოყოფს

იაპონიის ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებისთვის სპეციალურ პაკეტს ამზადებს, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 108 ტრილიონ იენს (988 მლრდ დოლარი) შეადგენს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, ეს თანხა მოხმარდება პანდემიის შედეგად დაზარალებული ოჯახებსა და ბიზნესს. აბეს თქმით, ეს თანხა იაპონიის მშპ-ს დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო პორტალი Kyodo ავრცელებს.

როგორც ჩანს, სტიმულირების ღონისძიებები გაცილებით დიდია, ვიდრე 56,8 ტრილიონი იენის პაკეტი, რომელიც გამოყენებული იყო 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს საგანგებო რეჟიმის შემოღებას კორონავირუსის ეპიდემიის გამო. საგანგებო რეჟიმი იაპონიის 6 პრეფექტურაში და მათ შორის, დედაქალაქ ტოკიოში ხვალიდან ამოქმედდება.

ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მიხედვით, მთავრობა მოსახლეობაზე გასაცემლების სახით მთლიანად, 6 ტრილიონ იენზე მეტს გამოყოფს.