თბილისის მერმა სასწრაფოდ უნდა განმარტოს, რატომ ყიდულობს მერია 30 მლნ ლარის ღირებულების მიკროავტობუსებს შუა კრიზისის დროს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ რთულ ვითარებაში, სახელმწიფო უწყებები უნდა ერიდებოდნენ იმ ხარჯების გაწევას, რომელიც არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
„თბილისის მერმა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ ყიდულობს მერია 30 მილიონი ლარის ღირებულების მიკროავტობუსებს შუა კრიზისის დროს. ასეთ რთულ ვითარებაში, სახელმწიფო უწყებები უნდა ერიდებოდნენ იმ ხარჯების გაწევას, რომელიც არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. როგორც ჩანს, ეს წესი თბილისის მერიაზე არ ვრცელდება. ამასთან, ვიცით, რომ მიკროავტობუსების ბიზნესი მონოპოლიზებულია ერთი ბიზნესჯგუფის მიერ, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებებიც აქვს სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ ისმება ბუნებრივი კითხვა, რატომ ყიდულობს ახალ მიკროავტობუსებს მერია და არა თავად ეს კომპანია, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული ამ სფეროში. ჩვენ კრიზისთან დაკავშირებით გამოვაცხადეთ მორატორიუმი ხელისუფლების კრიტიკაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს თვალი დავხუჭოთ ქმედებებზე, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად, შეიძლება შეიცავდეს კორუფციულ რისკებს. ამიტომ ვითხოვთ სასწრაფო განმარტებებს,’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.