ალექსანდრე მოწერელია არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოს ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღონ

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, შესაძლოა, სამეგრელო ჩაიკეტოს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რეგიონი ჩაიკეტება იმ შემთხვევაში თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და კონტაქტების მოძიება შეუძლებელი გახდება.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, როდის ჩაუტარდება ამ სამ ადამიანს განმეორებითი ტესტირება, ამას მედიკოსები გადაწყვეტენ.

„სამეგრელოს სავარაუდოდ ჩაკეტვის შესახებ ვერსია, მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებული იქნება თუ ჩვენ ვირუსის გავრცელების ძალიან ფართო არეალი გვექნება და ამავე დროს, კონტაქტების დადგენის შეუძლებლობა. გუშინ გვყავდა სამი პაციენტი, რომლებსაც (პირველადი ტესტირებით) არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის შემთხვევა, მაგრამ ამ სამი პაციენტის ხელმეორედ ტესტირებისას დადასტურების შემთხვევაში, ალბათ, ზომები იქნება მისაღები. მათ კიდევ ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ კვლევა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც 50-ზე მეტი კავშირი იყო დადგენილი და სავარაუდოდ კიდევ 40 კავშირი იქნებოდა. ეს უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნიდა ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისათვის. ეს სამი ადამიანი უკავშირდება სპორტსმენს. ამ სპორტსმენთან კავშირში, უშუალოდ, 23 ადამიანია გამოვლენილი. ამ 23 ადამინს, რა თქმა უნდა, გეომეტრიული პროგრესიის სახით გაცილებით მეტი კონტაქტი ექნებოდა. დაახლოებით, 100 ადამიანზე გავდიოდით და შემდეგ უკვე კვალი იკარგებოდა. ამიტომ, ყველა ძალიან შეშფოთებულები ვიყავით“, - განაცხადა მოწერელიამ.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, მოწერელიას განცხადებით, აღნიშნული კლინიკა საკარანტინო პაციენტის მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს, იფუნქციონირებს როგორც „ცხელების ცენტრი“.