არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანიების პოპულარიზაციისათვის და პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად.
ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ კანონი უნდა დაიცვას, შემოსავლების სამსახურმა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ უკანონო სპონსორობის გამო სანქციები უნდა გაატაროს.
„მიუხედავად კანონით აკრძალვისა, თამბაქოს ინდუსტრია, „მღვრიე წყალში თევზის დაჭერის“ პრინციპით მოქმედებს, შექმნილი ვითარებით სარგებლობს და თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციას ეწევა. დასანანია, რომ მათ ამ მცდელობას ხელს არ უშლის ხელისუფლება, მეტიც, მთავრობის ეგიდით სპეციალურად შექმნილ StopCoV.ge - ზე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალშია იაპონური თამბაქოს კომპანია (JTI), ფილიპ მორისი (PMI) და ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანია (BAT). ბრიტანულ - ამერიკული თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელი კი, მედია საშუალებების, ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურების და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად ურიგებს დამცავ ნიღბებს და მათთან ერთად გადაღებული ფოტოებით სოციალურ ქსელებში,როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კეკლუცობს, რადგან, თურმე მძიმე ვითარებაში „ეხმარება“ სპეციფიკურ ჯგუფებს. 2018 წლის 1 მაისიდან, თამბაქოს კონტროლის კანონით აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია. შესაბამისად, მათ სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანიების პოპულარიზაციისათვის და პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად. თანაც ეს ხდება მათ მიერ შექმნილ დრამატულ ფონზე, - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თამბაქოს კომპანიები თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით, საქართველოში ყოველდღე 30 ადამიანს კლავენ, მათგან 8 არამწეველი და ერთი ბავშვია. თამბაქოს ინდუსტრია აღნიშნული ქმედებებით ცდილობს წინაპირობა შექმნას მშვიდობიან პერიოდში ახალი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მხარდაჭერების წარმატებით მოსაპოვებლად. ამას ცდილობდნენ კორონავირუსის პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტში. საერთაშორისო კომპანიებს ადგილობრივებიც არ ჩამორჩებიან და წარმატებით განაგრძობენ თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების მცდელობას, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილის მოწამვლას გამოიწვევს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჯანსაღ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათი ვებ - გვერდიდან აიღებს თამბაქოს ინდუსტრიის ლოგოებს, ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის შემქმნელ ამ ე.წ. ბიზნესს, კორონასთან საბრძოლველად შეტანილი თანხებით საშუალებას არ მისცემს, იყიდონ მათ მიმართ ლოიალობა. დღეს კორონასთან ბრძოლის ხაზი ასევე გადის თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ხაზზე, რადგან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, ვაპოვაიზერი, აიქოსი, ჩილიმი და ა.შ. ) მოხმარება ზრდის ვირუსის ზემოქმედების სავალალო შედეგებს მწეველებში. შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ დარღვევებზე კანონით გათვალისწინებული სანქციების გასატარებლად მივმართავთ",- აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.