ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ თითქმის ყველა კომპანიის დღის წესრიგი შეცვალა. ორგანიზაციების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ნაწილი კი, იძულებულია მუშაობა დროებით შეაჩეროს. ამასთან, დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო ქსელებისა და აფთიაქებისა. ამ პირობებში, სახლში, თვითიზოლაციაში დარჩენილი ადამიანების მხრიდან წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით აკრძალვა ონლაინ შეკვეთების სერვისსაც შეეხო.
გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ახალი წიგნების გარეშე დარჩა, თუ ონლაინ გაყიდვების სისტემა არ ამუშავდა, შესაძლოა, უხელფასოდ დარჩნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა.
შექმნილ ვითარებაში, თანაშრომლების მიმართ საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა კომპანია „ბიბლუსმა“. წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიათა ქსელი, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი ჰყავდა, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, კომპანიამ გადაწყვიტა აეღო სესხი და სახლში დარჩენილ 800-მდე თანამშრომელს მიმდინარე თვის ხელფასი სრულად ჩაურიცხა.
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიები 19 მარტიდან არის გაჩერებული, თუმცა თანამშრომლებს სრული თვის ხელფასი აუნაზღაურდათ.
პანდემით გამოწვეულ სირთულეებსა და ამ ეტაპზე მისი დაძლევის გზებზე „ბიბლუსის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი გაგნიძეს ვესაუბრეთ.
კომპანია ბიბლუსმა საკუთარ თანამშრომლებს სესხით, თუმცა მაინც გადაუხადა ხელფასები, რაც ქართულ რეალობაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მოტივაცია?
ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას ჩვენივე თანამშრომლები წარმოადგენენ. ის გუნდი, რომლის დამსახურებითაც ვაკეთებთ საქმეს, რასაც წიგნების რეალიზაცია ჰქვია. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად, ყველა შემოსავლის წყარო გაგვიჩერდა, პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყეთ, იყო ის, თუ როგორ გადაგვეხადა ჩვენი მთავარი ფასეულობის, თანაშრომლების ხელფასები. მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გამოგვენახა ყველა გზა, მათი ხელფასების დასაფარად. დავიწყეთ მოლაპარაკება ბანკთან, რაც წარმატებით დასრულდა და მათგან სრული თანხმობა მივიღეთ. მეტიც, ჩვენ 19 მარტის შემდეგ ვიყავით გაჩერებულები, თუმცა კომპანია „ბიბლუსმა“ მთლიანი თვის ხელფასები ჩარიცხა.
როდესაც ფინანსური გადაწყობა მოვახდინეთ, პრიორიტეტების მიხედვით ვიმოქმედეთ, რაც როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი გუნდია.
აქ, აუცილებლად დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მომწოდებლებს და ყველა იმ მეიჯარეს, რომლებმაც ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინეს.
თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება გარკვეული საშუალებები და მხარდაჭერა, რათა ამხელა საქმე, რომელიც გაკეთდა, 100-მდე სხვადასხვა ტიპის მაღაზია მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ გაჩერდეს და როდესაც ვირუსი დაიძლევა, ახალ გამოწვევებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით შეხვდეს.
შექმნილ ვითარებაში, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ონლაინ გაყიდვების აღდგენა და ზოგადად, რაში ხედავთ გამოსავალს?
რეალურად, ონლაინ გაყიდვები „ბიბლუსისთვის“ ალბათ, მთლიანი შემოსავლის 5-7%-ს, უკეთეს შემთხვევაში - 10%-ს შეადგენს. ეს არ იქნება ის, რაზეც კომპანია შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ რაღაც დინამიკა შევინარჩუნოთ და თანაშრომლების გარკვეული ნაწილი მაინც დავაფინანსოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როდესაც მაღაზიები გაიხსნება, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით დავიწყოთ მუშაობა.
თუ ზოგადად, პანდემიის პრობლემას და დაავადების გავრცელების რისკებს შევაფასებთ, ჩემი მიდგომაა, რომ ელექტრონული გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან მომხმარებელთან და პროდუქტთან შეხება მინიმალურია. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის და პირველი სწორედ ეს გავაკეთეთ, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ აბსოლუტურად ყველა ის რეკომენდაცია დავიცავათ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაკისრებს და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხო საქმიანობა უზრუნველვყოთ. მათ შორის, ტრანსპორტირება, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.
აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროცესში დაახლოებით, 50-60-მდე ადამიანია ჩართული, რომელთა 95% და მეტი, დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უწევს გარეთ გამოსვლა და უშუალოდ საქმიანობაში ჩართვა. კომპანიამ ფაქტობრივად, სრული რეორგანიზაცია მოახდინა, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო და ვფიქრობ, უნდა მოგვეცეს შანსი, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რისკები მინიმუმადე დავიყვანოთ.
ანუ, „ბიბლუსი“ მზად არის, რომ თანამშრომლების ეკიპირება მოახდინოს და ყველა საჭიროებით უზრუნველყოს?
სიმართლე გითხრათ, ამას ჩვენ ადრეც ვაკეთებდით. რეკომედაციების სრული გათვალისწინებით ვხელმძღვანელობდით და სწორედ ამიტომ მივიღეთ დისტანციური მუშაობის გადაწყვეტილება. შესაბამისად, შემდეგშიც, რა საჭიროებაც არ უნდა გამოჩნდეს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ, რამაც წიგნებზე მოთხოვნა გაზარდა. ამის შესახებ იწერება სოციალურ ქსელებშიც... როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებით ახლა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ წიგნები მივიდეს მომხმარებლამდე?
სავარაუდოდ, ეს არამხოლოდ, ჩვენი, მსოფლიო ტენდენციაა. თუკი ისეთ გიგანტებს გადახედავთ, როგორიც „ამაზონი“ და სხვა მსგავსი ტიპის ელექტრონული ვაჭრობის ორგანიზაციებია, ნახავთ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი წიგნია. როდესაც ადამიანი ფიზიკურად ვერ იხარჯება, მერე უკვე ცდილობს, რომ ყველაზე მეტი სიკეთე, ინფორმაციის, განათლების, შემეცნების, თუ უბრალოდ ინტერესის სახით, სწორედ წიგნიდან მიიღოს. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ თუ პირველად საჭიროებებში საკვები პროდუქტებია, წიგნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემდეგი პროდუქტია. ეს არის გონების კვება და საშუალება, რომ ადამიანმა ის თავისუფალი დრო, რომელიც დღეს გამოუჩნდა, უფრო ეფექტიანად დახარჯოს.
გარდა ამისა, მომავალ თაობას, შვილებს გვინდა, რომ ახალ-ახალი საგანმანათლებლო, სასწავლო თუ შემეცნებითი ლიტერატურა მივაწოდოთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად ჰქონდეთ წვდომა წიგნებზე.