საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ათენიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი შესრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი ; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი ; 21 აპრილი - რომი-თბილისი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.

„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილი - ათენი-თბილისი ; 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი; 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.