რისი უფლება ექნება კომპანიის შემოწმებისას ზედამხედველ პირებს

მთავრობა იწყებს საწარმოების შემოწმებას, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება.

მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების წესები. დოკუმენტში მათ შორის, საუბარია იმაზეც, თუ რისი უფლება ექნებათ ზედამხედველ პირებს საწარმოს შემოწმების პროცესში.

ზედამხედველობის განხორციელებისას ჯგუფის თითოეულ წევრს უფლება აქვს უშუალოდ ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

  • ობიექტზე მოახდინოს სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმება როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების და მესამე/სხვა პირების მიმართ;
  • შევიდეს და დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე;
  • მოითხოვოს და მიიღოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
  • შეისწავლოს სამინისტროს რეკომენდაციებით დადგენილი ნორმების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მოახდინოს მასზე რეაგირება;
  • თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  • ოქმის შემდგენელს ან ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილ პირს, უფლება აქვს ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოახდინოს საჯარიმო ოქმის გადაგზავნა – აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაკისრებული ჯარიმის იძულებით აღსრულების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თაია არდოტელი