სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება

სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება.

ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. წარდგენილი ცვლილება სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ითვალისწინებს ჯარიმას 10 ათასი ლარის ოდენობით. პროექტი ასევე ადგენს 30-ათასი ლარის ოდენობის სანქციას აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ განმეორება 50-ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს.

სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს შედარებით მაღალ სანქციას (20 ათასი ლარი) იმ შემთხვევაში, როდესაც სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევამ მფრენის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. კიდევ უფრო მაღალია საჯარიმო სანქცია აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

იზრდება ფულადი სანქცია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის – პირველად ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 20-ათას ლარს შეადგენს, ხოლო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ასევე "ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს" ემატება ნორმა, რომელიც აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილების თანახმად, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ჯარიმად განისაზღვება 10000 ლარი. კოდექსი ასევე ადგენს 20-ათასიან და 50-ათასიან ჯარიმებს ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორებისათვის.

10 000 ლარით განისაზღვრება ჯარიმა სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევაზე, ხოლო 30-ათასიანი და 50-ათასიანი იქნება ჯარიმების ოდენობა აღნიშნული ქმედების განმეორებისათვის. ფულადი საქციები ასევე იზრდება ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა და სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება.