COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ცნობით, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო” ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე შვეიცარული მხარის ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს. “ბლაუენშტაინ საქართველო” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცს და ხორცპროდუქტებს. კომპანია ფლობს სურსათის წარმოების სრულ ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე და მუშაობს მაღალი სტანდარტების დაცვით და შვეიცარული საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.
კომპანია ფლობს მესაქონლეობის ფერმებს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში. კომპანია წარმოების ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე თავად აკონტროლებს და გარემო ფაქტორებზე მინიმალურადაა დამოკიდებული, შესაბამისად, მარაგის ამოწურვის და შეფერხების საფრთხე არ არსებობს.
საწარმოო პროცესს აგრძელებს ამბროლაურში მდებარე „რაჭული ლორის“ საწარმოც. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით - „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.