„ანაკლიის პორტის მშენებლობა და ფოთის პორტის გაფართოება, ეკონომიკის განვითარების მყარ გარანტიებს შექმნის"

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია ფოთის პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, პორტის გაფართოება უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს არამარტო ქალაქზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე.

როგორც ხახუბია აღნიშნავს, 300 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიშნავს ასობით ახალ სამუშაო ადგილს და გაუმჯობესებულ მომსახურებას.

„როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მივესალმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, ფოთის პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ! ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სატრანსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება. მიმაჩნია, რომ პორტის გაფართოება უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს არამარტო ჩვენს ქალაქზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე. 300 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიშნავს ასობით ახალ სამუშაო ადგილს და გაუმჯობესებულ მომსახურებას. აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ფოთის პორტის გაფართოება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლას. ანაკლია რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად. პირიქით, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი კონკურენცია და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი განვითარება და სახელმწიფოსთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორე მხრივ, ფოთის პორტის გაფართოება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების მყარ გარანტიებს შექმნის. ალბათ ყველას ახსოვს, რომ სულ ახლახან, ფოთის ,,პეის ჯორჯიას“ ტერმინალის გაფართოებაში 50 მილიონი აშშ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, რასაც ,,პეის ჯორჯიას“ წილობრივი მონაწილეობის სახით 70 მილიონი აშშ დოლარი დაემატა“,-ნათქვამია ირაკლი ხახუბიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ხახუბიას თქმით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორი აგრძელებს მუშაობას საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია.

„ინვესტორი დარწმუნებულია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებში, რომ საქართველო მალე დაძლევს ამ გამოწვევას და დაუბრუნდება შენებას. ისევე როგორც საწყის ეტაპზე, ახლაც მხარს ვუჭერ ფოთის პორტის განვითარების პროექტს და ბოლომდე ვიქნები ჩართული პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ძალისხმევას არ მოვაკლებ, რომ საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა პრაქტიკულად განხორციელდეს“,- ნათქვამია ირაკლი ხახუბიას განცხადებაში.