ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაში გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდულ ზრდაზე მიუთითებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ქვეყანაში გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდულ ზრდაზე მიუთითებს, რომელიც საქართველოში აქციზის გადასახადით დაბეგვრის გარეშე შემოდის და სავარაუდოდ, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი ისე იყიდება.

„ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება, რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტით მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ამასთან, ბიზნესისთვის არაკონკურენტული გარემო ყალიბდება.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის პროდუქტის - 1700 ტონის იმპორტი განხორციელდა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი შემდგომი რეალიზაცია ხდება, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG). ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო კოდი არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები. ასევე ზარალდებიან მომხმარებლები, რომლებიც საბოლოო ჯამში იღებენ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი, ანუ ამ გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდული ზრდა ფიქსირდება 2020 წლის მარტის თვეში, მაშინ როდესაც COVID 19-ის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო დაქვეითებულია ეკონომიკური აქტივობა და დაზარალებულია მთელი ქართული ბიზნესი, ხოლო ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე რეალიზაციის ვარდნა თითქმის 40%-ს შეადგენს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე ნავთობპროდუქტების და კერძოდ თხევადი გაზის ბაზარზე დაგროვილი მნიშვნელოვანი პრობლემები. მათ შორის, თხევადი გაზის ადეკვატური და სამართლიანი დაბეგვრის აუცილებლობა, ამ კუთხით ხარისხის სტანდარტის დანერგვის საჭიროება და მისი შემდგომი კონტროლი, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხის პერმანენტული კონტროლის აუცილებლობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზის სამართლიან დაბეგვრასთან და ზემოთ აღნიშნული კოდის საშუალებით პროდუქციის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოსაგვარებლად საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკვე წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. თუმცა, შექმნილი ობიქტური გარემოებების გამო, საკითხის განხილვა პარლამენტში შესაძლოა გაჭიანურდეს. ამით კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად სარგებლობენ ის ბიზნეს ჯგუფები, რომელთა ბიზნეს ანატომიაც უკანონო ბიზნეს საქმიანობასა და სხვადასხვა მაქინაციებზე იყო და არის აგებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ დანაყოფებთან ზემოაღნიშული თითოეული ფაქტის გამოვლენის, შესწავლისა და მათზე სწრაფი რეაგირების კუთხით. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს ბიზნესის წარმოების სამართლიანი პრაქტიკა, როდესაც არავის მიეცემა იმის უფლება, რომ თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და გამდიდრდეს ამ სრულიად მანკიერი გზით. ამ ტიპის მაქინაციები მთლიანად უთხრის ძირს კეთილსინდისიერი ბიზნესის კეთების ფუნდამენტურ საფუძვლებს და ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. აღნიშნული ასევე იწვევს წესიერად მომუშავე მეწარმეების სრულ დემოტივაციას. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ თემით და ამ მწვავე პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კი გააგრძელებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში ობიექტური და სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას”,-აღნიშნავს შავლეგ მიშველაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.