ჰაკერებმა კიდევ 9 ამერიკული ბანკის სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების ამერიკელი ექსპერტები სერიოზულად არიან შეშფოთებულები ქვეყანაში ყველაზე დიდი ბანკის ელექტრონული საცავების გატეხვით.

ცნობისთვის, JPMorgan Chase-ის სერვისით, ათეულობით მილიონი ადამიანი სარგებლობს. არსებობს ეჭვი, რომ ჰაკერები, რომლებმაც 76 მილიონი ოჯახის და 7 მილიონი კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოიპარეს, რუსები არიან, რომლებსაც რუსეთის მთავრობასთან აქვთ კავშირი.

ჰაკერების მოტივები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა, მიიჩნევა, რომ ეს საპასუხო ნაბიჯია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თითქმის ერთდროულად კიდევ 9 ამერიკული ბანკის კომპიუტერული სისტემები გატეხეს, რომელთა დასახელებები მედიაში ჯერ არ ვრცელდება. JPMorgan-ის გატეხვა, ბანკზე ყველაზე დიდ კიბერშემოტევად სახელდება. ”ეს ძალიან დახვეწილი მოწინააღმდეგის ქმედებას ჰგავს, რომელიც მზადაა უცხო სისტემიდან ყველა დეტალური ინფორმაცია გაიტანოს” - განუცხადა ”ბლუმბერგის” ჟურნალისტებს ექსპერტმა კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ჰენსენმა.