ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს შესაძლოა, საქმიანობის უფლება მიეცეთ

"სამშენებლო კომპანიები, ვინც ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ, იყო შეჩერებული, თუმცა, კვლავ არიან კანდიდატები, რომ აღუდგეთ საქმინობის უფლება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მინისტრმა საწარმოების ინსპექტირების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შემოწმდა 33 კომპანია, რომელთანაგან ექვსს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა. თუმცა, ნათია თურნავას თქმით, ამ 6 კომპანიას მიეცა მითითებები, მას შემდეგ კი, რაც რეკომენდაციებს შეასრულებენ, მათი საქმინობის აღდგენაც მოხდება.

"კომპანიების შემოწმება ჩვენ გუშინვე დავიწყეთ. უკვე მოხერხდა 33 კომპანიის დათვალიერება, რომელთა შორისაა ორივე კატეგორია: პირველ რიგში, ის საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულა, აგრძელებენ საქმიანობას და ასეთები არიან სისტემური საწარმოები. თუმცა, პარალელურად ვამოწმებთ ისეთ კომპანიებსაც, ვინც დროებით შეჩერდა და იმისთვის, რომ კვლავ მოიპოვოს საქმინობის უფლება, უნდა დაგვარწმუნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია დაცულია.

გუშინდელ შედეგებს მოგახსენებთ, 33 კომპანიიდან, რომელსაც სტუმრობდა ჩვენი ინსპექციების გაერთიანებული ჯგუფი, მხოლოდ 6 კომპანიას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. მათ მიეცათ მითითება, რომ გამოასწორონ ესა თუ ის მიმართულება და ამის შემდეგ უკვე ხელმეორედ მოხდება შემოწმება. იმედი გვაქვს, რომ მერე მოიპოვებენ საქმიანობის უფლებას.

დანარჩენი ყველა კომპანია ასრულებს რეკომენდაციებს. რიგი მათგანი ახლაც საქმიანობს, მან შეინარჩუნა ეს სტატუსი და ჩვენ მშვიდად ვართ, რომ ამ კომპანებში არ ხდება რაიმე დარღვევა, მათი თანამშრომლები არიან უსაფრთხოდ. რიგი მათგანი კი, ეს იყო სამშენებლო კომპანიები, ვინც ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ, იყო შეჩერებული, თუმცა, კვლავ არის კანდიდატი, რომ აღუდგეთ საქმინობის უფლება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სამუშაო პროცესის აღდგენის თხოვნით სახელმწიფოს მიერ შექმილი პლატფორმებზე ათასობით განაცხადი შედის, რომელთა შემოწმება ეტაპობრივად, უმოკლეს დროში მოხდება.

ნინი ქეთელაური