კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიების ნაწილმა სარეკლამო კამპანიები შეწყვიტა და ამასთან, შეამცირა ხარჯებიც. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC მსოფლიო რეკლამის ფედერაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიო რეკლამის ფედერაციის WFA -ს ინფორმაციით, მსხვილი რეკლამის დამკვეთების 81%-მა სარეკლამო კამპანიები გადაავადა. ცნობისათვის, WFA-ს წევრები არიან - AB-InBev, Airbnb, Diageo, L’Oreal, Coca-Cola, Unilever და Visa.
ამასთან, WFA -ს გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (57%) თქვა, რომ მათ პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შეამცირეს ბიუჯეტი. გამოკითხულთა 34% -მა გადადო სარეკლამო კამპანიები ერთი ან ორი თვის განმავლობაში , 6% -მა კი განუსაზღვრელი დროით. გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ კორონავირუსს მარკეტინგულ კამპანიებზე გავლენა არ მოუხდენია.
„მართალია, კორონავირუსის გამო ბევრმა კომპანიამ სარეკლამო კამპანია გადადო, თუმცა ახლა ისინი პანდემიის საპასუხოდ ქმნიან ახალს“, - ნათქვამია WFA- ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, გამოკითხულთა ნახევარმა ან წამოიწყო ახალი სარეკლამო კამპანია, ან აპირებს ამის გაკეთებას, ხოლო 29%-ს უკვე დაგეგმილი ჰქონდა ახალი კამპანია.
მსხვილი რეკლამის დამკვეთი კომპანიების 21%-მა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირა ბიუჯეტი, 36% –მა მცირედით, ხოლო გამოკითხულთა 32% -მა თქვა, რომ ხარჯები არ შეუმცირებიათ.