„სახელმწიფო ბიზნესს დაუდგება თავდებად, რომ უფრო მარტივად მოიზიდოს დაფინანსება“ - ნათია თურნავა პოსტ-კრიზისულ სტრატეგიაზე

„სახელმწიფო ბიზნესს დაუდგება თავდებად, რომ უფრო მარტივად მოიზიდოს დაფინანსება“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, რაც დღეს ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის კრიზისის შემარბილებელი ღონისძიებები, თუმცა უკვე დაწყებულია მზადება პოსტ-კრიზისული ბიზნესის სტიმულირების სტრატეგიისთვის.

„პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ბიზნესის სტიმულირების სტრატეგიაზე. მან უკვე გასცა ბრძაბანება, შესაბამისად, მე და ჩემი კოლეგები, ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ ბიზნესის სტიმულირების სტრატეგიაზე. რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ეს არის პოსტ-კრიზისული სტრატეგია, ანუ კრიზისის შემარბილებელი ღონისძიებები, მაგრამ უკვე დავიწყეთ მზადება პოსტ-კრიზისული ბიზნესის სტიმულირების სტატეგიისთვის. ამას აზრი ექნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანგებო ვითარება.

როდესაც ჩვენ შეგნებულად ვამცირებთ მობილობას და ბიზნეს აქტივობას, შემდეგ უნდა ვიყოთ მზად, ამ სტრატეგიის კვალობაზე დავეხმაროთ ბიზნესს, რომ ამოიქოქოს. მე ახლა უფრო მეტ დეტალს ვერ გაგანდობთ, რადგან ეს დოკუმენტი შემუშავების პროცესშია, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული მექანიზმები და ამის გაფართოვებაზე იქნება საუბარი. ჩვენ დღემდეც გვქონდა „აწარმოე საქრათველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხების სუფსიდირების მექანიზმი და ის უფრო გაფართოვდება. ასევე, საკრედიტო-საგანტიო თემა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ ბიზნესს უდგება თავდებად, რომ საფინანსო ინსტიტუტებიდან უფრო მარტივად მოიზიდოს დაფინანსება. დღეს ეს პრობლემაა, რადგან ბანკები გაურბიან სარისკო სესხებს, ასევე, ბიზნესებს უჭირს საბრუნავი სახსრებისთვის ფინანსების მოზიდვა, რაც პრობლემას ქმნის ხელფასების გაცემისას. შესაბამისად, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საბრუნავი სახსრების მოძიებაში პრობლემა არ ჰქონდეს ბიზნესებს, რათა შემდეგ არ იყოს შეფერხება ხელფასების გაცემაში და შენარჩუდნეს დასაქმება. ამისთვის უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული საკრედიტო-საგანატიო მექანიზმი, როდესაც სახელმწიფო ბიზნესს უდგება გვერდში, რომ დაფინანსება იყოს უფრო ხელმისაწვდომი. ამასთანავე, იარსებებს სხვა მექნიზმები და პროგრამებიც. აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი წარმოების აღორძინებაზე და გაძლიერებაზე.

კიდევ ერთი მიმართულება იქნება ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. ანუ, ჩვენ ვპოზიციონირებდით იმით, რომ ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ღია პლატფორმა ვართ ინვესტორებისთვის. ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ, რადგან რასაც ახლა ჩვენ გლობალურად ვუყურებთ, ტენდენცია იქმნება, რომ მოხდეს უფრო მეტი დეცენტრალიზაცია მსოფლიო სამრეწველო ჰაბების. მაგალითად, თუ ადრე ჩინეთი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი სამრეწველო ჰაბი, უფრო მეტი დივერსიფიკაცია და დეცენტალიზაცია მოხდება. საქართველო მზად უნდა დახვდეს ამას და ალტერნატიული, სამრეწველო, ინდუსტრიული ჰაბის ფუნქცია შეასრულოს, რათა უფრო მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენთან“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნინი ქეთელაური