სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა სამუშაო ჯგუფებმა უნდა მიიღონ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურია იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის, გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაცები. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სამუშაო ჯგუფებს, შტატებს, რომლებიც რეგიონის ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.