გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.
დავითაშვილის თქმით, აგრარული ბაზრებისთვის შემუშავებული სტანდარტი ჯანდაცვის სამინისტროსთანაც შეთანხმებულია. მისივე თქმით, ეს სტანდარტები უკვე გამოქვეყნებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
„აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შეიმუშავა უკვე გუშინ დღის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ეს სტანდარტი, ასევე შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში, მაშინ ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას, ძირითადად, საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში. ეს სტანდარტი უკვე გამოქვეყნებულია სურსათის ეროვნული სააგენტის ვებგვერდზე და ასევე არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ოფიციალურ ვებგვერდზეც და „ფეისბუკზეც“ ხელმისაწვდომი. აქ სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წაეყენება ბიზნეს ოპერატორს, ანუ ამა თუ იმ აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მათ მოახდინონ მკაცრად იმ წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.