სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ მათ გააკონტროლონ აგრარულ ბაზრებში პირობების დაცვა. შესაძლოა, ზოგმა ბაზარმა იმუშაოს და ზოგმა ვერ იმუშავოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობები, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ბაზრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
„დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ იმისთვის, რომ მომხდარიყო სრული დეზინფექცია და დაავადების გავრცელება აგვეცილებინა თავიდან. ასევე გაკეთდა დათქმა, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ეძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალება თუ იქ ალტერნატიული სავაჭრო სივრცეები არ არის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფისთვის. ჩვენ გავაკეთეთ სტანდარტი დაჩქარებულ რეჟიმში, რომ კონკრეტულად იცოდნენ თუ როგორ პირობებში შეუძლიათ აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირება. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ მათ გააკონტროლონ აგრარულ ბაზრებში პირობების დაცვა. შესაძლოა, ზოგმა ბაზარმა იმუშავოს და ზოგმა ბაზარმა ვერ იმუშაოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობები. თუ ამ პირობებს დავიცავთ, ამ შემთხვევაში რისკებს ვამცირებთ და ჩვენი მიზანი არ არის დახურვა, ჩვენი მიზეზია დაავადების გავრცელების თავიდან აცილება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.