უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთხვევაში, ღია სივრცეებში შეიძლება ასეთი კომუნიკაცია არსებობდეს გამყიდველებსა და მყიდველებს შორის, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, იგეგმება თუ არა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოძრავი სასურსათო სერვისის (მობილური ბაზრები) პრაქტიკის დანერგვა.
მისი თქმით, ყველა მსგავსი ინიციატივის ავტორს მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.
„ყველა ამ ინიციატივის ავტორს მოვუწოდებდი, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს მედიკოსებთან იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის ყველა მოთხოვნა. შეიძლება კარგი, კომერციულად კომფორტული ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის მოთხოვნებთან. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, როდესაც სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის მედიაციას ვახდენთ, იქნება ეს ფერმერები, მწარმოებლები, საბითუმო მყიდველები თუ მომხმარებლები, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს მოხდეს ღია სივრცეში და მოხდეს ისე, რომ კონტაქტი იყოს მინიმალური, იყოს სოციალური დისტანცირება, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადეები აუცილებელ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, ეს არის სავალდებულო პირობა. დაცვის ასეთი საშუალებების შემთხვევაში, ღია სივრცეებში შეიძლება ასეთი კომუნიკაცია არსებობდეს გამყიდველებსა და მყიდველებს შორის“, - განაცხადა დავითაშვილმა.