ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში ისეთი წარმოებების მხარდაჭერა მოხდება, რომელიც პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში ისეთი წარმოებების მხარდაჭერა და წახალისება მოხდება, რომელიც პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ პირობებში, ამ შექმნილ ვითარებაში ბევრი რამის გადახედვა, გადააზრება ხდება მთელს მსოფლიოში და ბევრი ქვეყნის პოლიტიკაში იცვლება მიდგომები. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენ გარკვეულ განსხვავებულ მიდგომებს შევთავაზებთ ბიზნესს ან საზოგადოებას. ეს არის ადეკვატური რეაქცია კონკრეტულ გამოწვევებზე. პირიქით, გასაკვირი იქნებოდა, თუ მთავრობა არ იქნებოდა რეალობის ადეკვატური და პასუხს ვერ გასცემდა ახალ გამოწვევებს, ახალი გამოწვევები კი მდგომარეობს შემდეგში, დღეს ჩვენ დავინახეთ და ამაზე გაერო-ს ჰქონდა სპეციალური კვლევა და პრეზენტაცია გაკეთებული, რომ ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდებოდა პირველადი მოხმარების საქონელს, როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინო სახარჯ მასალას, ამიტომ ბევრი რამის გადააზრება ხდება. ჩვენც ძალიან სწრაფად გავაკეთეთ ეს, ბევრმა ბიზნესმა საქართველოში შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი შეიქმნა საგანგებო პირობებში. იგივე შემიძლია ვთქვა სოფლის მეურნეობის დარგზეც, რომელიც მყისიერად ერთ დღეში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მას სჭირდება გარკვეული დრო, მინიმუმ სეზონურია სოფლის მეურნეობა, მაგრამ ჩვენ აქაც გვექნება მხედველობაში ისეთი წარმოებების მხარდაჭერა და წახალისება, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.