გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ნაკლებობაა.
თუმცა, როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო ფერმერებს მაქსიმალურად ეხმარება და ამ დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, რომ მათ ტექნიკის შეძენა შეძლონ.
„არ არის სიახლე, რომ ჩვენთან სოფლად ზოგადად სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ნაკლებობაა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგვიგროვდა. თუმცა, ბოლო წლებში ჩვენი პოლიტიკა გულისხმობდა იმას, რომ კერძო სექტორში გაჩენილიყო მეტი შესაძლებლობა. რამდენიმე წელია სახელმწიფო ახორციელებს აგროლიზინგის და აგროკრედიტის პროგრამას, სადაც მექანიზაციის კომპონენტია გათვალისწინებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ იაფი ფინანსური რესურსებით ვეხმარებით ფერმერებს, რომ მათ შეიძინონ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ასევე ვეხმარებით სერვისპროვაიდერებს, სოფლად მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებსაც შეუძლიათ კერძო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჰყავდეთ და გაუწიონ მომსახურება ჩვენ ფერმერებს“, -აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო კომპანია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ფლობდა, პრივატიზების პროცესშია, თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ ტექნიკა ქვეყნის გარეთ არ გავიდეს.
„სახელმწიფო კომპანიის პრივატიზება დავიწყეთ და აქაც პირობაა, რომ ეს ტექნიკა არ უნდა გავიდეს საქართველოს გარეთ, უნდა დარჩეს ქვეყნის შიგნით და ემსახურებოდეს ჩვენს ფერმერებს ანუ გადაინაცვლოს კერძო სექტორში, მაგრამ დარჩეს ქვეყანაში, რომ ჰყავდეს უკეთესი პატრონი კერძო სექტორის სახით.
ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო მიმართული იმისკენ, რომ სოფლად მეტი მექანიზაცია ყოფილიყო, რომ ჩვენი ფერმერები ყოფილიყვნენ მეტად კონკურენტუნარიანები და მეტი პროდუქციის წარმოების საშუალება ჰქონოდათ. გვესმის, რომ ეს ამოცანა მიღწეული არ არის, თუმცა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტექნიკის ხელმისაწვდომობაა. მომავალ წლებშიც გაგრძელდება როგორც საგრანტო მხარდაჭერა მექანიზაციის შეძენის შემთხვევაში, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხრიდან“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ფერმერებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს დროს, რომელიც ტარდება, დაცული იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
„მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად ჰიგიენური წესების დაცვა, დეზინფექცია და ა.შ. ეს ეხება ყველა ინდივიდუალურ მეწარმე სუბიექტს, ეხება სახელმწიფოს დაქვემდებარებულ კომპანიას და ყველა ოპერატორს“, - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.