"ნაციონალური მოძრაობა" 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში წარდგენილ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში პარტია ბიუჯეტის ცალკეულ ნაწილთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს აფიქსირებს და აცხადებს, რომ პროექტს "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს.

"• საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ეკონომიკის 5%-იანი ზრდა, რაც ჩვენი შეფასებით, განვითარების ისეთ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, არის დაბალი მაჩვენებელი.

• 2015 წლისთვის მთავრობა გეგმავს ახალი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარის ოდენობის ვალის აღებას. ჯამში, 2014-2015 წლებში მთავრობას დაგეგმილი აქვს 3 მილიარდამდე ლარის ვალის აღება. მიუხედავად იმისა, რომ ვალის მოცულობის მხრივ საქართველო ამჟამად არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, ასეთი მასშტაბის ვალის აღება არის ნეგატიური ტენდენცია, რომელიც უნდა აღიკვეთოს რაც შეიძლება სწრაფად.

• დოკუმენტში სახელწოდებით "ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები" წერია, რომ 2015 წლის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი, იგივე ეკონომიკის მოცულობა) იქნება მაქსიმუმ 32 მილიარდი ლარი (ნომინალში). 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის იგივე დოკუმენტში ეწერა, რომ იქნებოდა 36 მილიარდი ლარი. ანუ, საქართველომ მხოლოდ 3 წელიწადში დაკარგა მინიმუმ 4 მილიარდი ლარი (ოცნების მთავრობისავე გათვლებით) (შეიძლება მეტიც, თუ 2015 წლის პროგნოზებიც არ გამართლდა)

• თუ შევადარებთ რა უჯდება ივანიშვილის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას, ვნახავთ რომ 2013 წელს მთავრობის შენახვა დაჯდა 138 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2012 წელს სააკაშვილის მთავრობა, 2014 წლის მხოლოდ 6 თვეში მთავრობა დაჯდა 130 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში, ხოლო 2015 წელს დაგეგმილია, რომ მთავრობის ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯოს 323 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა.

• 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ, ზედიზედ მეორე წელი, არ არის გათვალისწინებული პენსიების ზრდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩასწორებულ ბიუჯეტის ვარიანტში მოხდება პენსიების ზრდის გათვალისწინება, ეს შესაძლებელი იქნება მოხდეს მხოლოდ სიმბოლური თანხით.

• პრაქტიკულად არ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და მცირდება არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სუსტდება.

• ამ და სხვა მიზეზების გამო, ენმ 2015 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს", - აღნიშნულია განცხადებაში.