„ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული, მკაცრად გაკონტროლდება"

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ის საწარმო, რომელსაც COVID19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული, მკაცრად გაკონტროლდება.

მისივე განმარტებით, ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე.

„იმ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, არიან საწარმოები, რომლებიც ფუქნქციონირებენ სპეციალური პირობების დაცვის შემთხვევაში. ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო. უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო, შემოწმებას რამდენიმე უწყება ერთობლივად ახორცილებს. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული COVID19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები. შესაბამისად, ჩვენ ამ მონიტორინგს გავაგრძლებთ. ყველა ის საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული მკაცრად გაკონტროლდება იმისათვის, რომ მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის დადგენილი. ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. ამ სამშენებლო ობიექტებთან მიმართებით, ასევე არის მკაცრი კონტროლი. შემოწმდა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, სადაც სრულად იყო დაცული ეს რეგულაციები, თუმცა არსებობდა შემთხვევები, სადაც ეს ვერ იქნა უზრუნველყოფილი და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო. ის არ გაგრძელდება, ვიდრე არ შეძლებენ სრულად დააკმაყოფილონ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებისათვის“,- განაცხადა ჩიქოვანმა.