„სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, ჩვენ ვმოქმედებთ არსებული რესურსის ფარგლებში"

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს ეტაპობრივად დააბრუნებენ.

„რა თქმა უნდა, მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვმოქმედებთ იმ არსებული რესურსის ფარგლებში და გათვალისწინებით იმ კრიტერიუმებისა, რა კრიტერიუმებიც და პროცედურებიც აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაწესებული, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა მომზადებული შეხვდეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლოა, ინფიცირებული იყოს, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს, აუცილებელია მათი სტაციონარში გადაგზავნა. იმის გამო, რომ მგზავრებს პრობლემა არ შეექმნათ, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებრი დასმის პრინციპი, ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან გვაქვს. ბუნებრივია, ყველა რეისის დაგეგმვას ვახორციელებთ სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად. გვესმის, რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეტაპობრივად და ამ ყველა კრიტერიუმის და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რომ დავაკმაყოფილოთ მაქსიმალურად ჩვენი მოქალაეების ის რაოდენობა, რომელსაც სურვილი აქვს, სამშობლოში დაბრუნდეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.