ეკონიმიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, COVID19-თან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში თანხების აკუმულირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საჭიროებების ჩამოყალიების შემთხვევაში, ფონდიდან თითოეული ლარი გამჭვირვალედ დაიხარჯება.
აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდის კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენი ახდენს.
„მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც ამ მოწოდებას გამოეხმაურა და თავის შემოწირულობებს რიცხავს ამ ფონდში. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება. პარალელურად, ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა, თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას, რა კონკრეტული საჭიროებები გააჩნია იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. რა თქმა უნდა, როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - განაცხადა თურნავამ COVID19-ის პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.