ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა საქართველოში შაქრის წარმოებას დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა საქართველოში შაქრის წარმოებას გვერდში დაუდგება.

მისივე თქმით, აგარის შაქრის კომბინატი ორ თვეში წარმოების დაწყებას შეძლებს.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაეხმაროს არა მაინცდამაინც კონკრეტულ კომპანიას, აგარის შაქრის კომბინატს, არამედ ადგილობრივი შაქრის წარმოებას. ეს ერთ-ერთი იმ დარგებთაგანია, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, ვინაიდან საკუთარი რესურსით საკუთარი ბაზრის მომარაგება შევძლოთ ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება ასეთი დარგია. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქართველოში შაქარს აწარმოებს, იგივე პირობებს მიიღებს. ამ ეტაპზე ეს არის აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და ორ თვეში შეძლებს, რომ წარმოება დაიწყოს. თუკი რომელიმე კომპანია ასევე იქნება მზად, ჩვენ, რა თქმა უნდა, იგივენაირად დავუდგებით მათ გვერდში სხვადასხვა მექანიზმით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.