ყველაფერი ხდება, დაზღვეული არავინ არ არის, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟისას მომხდარი შემთხვევის შესახებ დასმულ კითხვას, რომლის შედეგადაც სამი მუშა დაშავდა.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კომპანიების მხრიდან, რომლებიც იქ მუშაობენ, მაქსიმალურად არის დაცული მუშების უსაფრთხოება და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დედაქალაქის მერიის მხრიდან არის გაჟღერებული.
„ეს არის ის კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად არის დაცული მუშების უსაფრთხოება და ასევე, ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული და რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაცული. ეს არის ის კომპანიები, რომლებიც ძველი თბილისის რეაბილიტაციას ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ ამ კომპანიებს ამ მიმართულებით მუშაობის. რა თქმა უნდა, სამუშაო უსაფრთხოება მათთვის და როგორც ჩვენთვის არის ერთ-ერთი უპირველესი.
ყველაფერი ხდება, დაზღვეული არავინ არ არის, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, თუმცა მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო დაზარალებულებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დავეხმარებით მათ და მათ ოჯახებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, ლერმონტოვის ქუჩაძე, სამსართულიანი შენობის დემონტაჟისას, კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.