ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ პაციენტებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ. ასე უპასუხა მან კითხვას, რა პროტოკოლი არსებობს საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის კლინიკიდან გაწერის შემდეგ.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პაციენტების დამატებითი მონიტორინგის მიზნით, მათთან ექიმებისა და ეპიდემიოლოგების უკუკონტაქტი ხდება.
„გამოჯანრთელებული პაციენტების გაწერის შემდეგ მათ გარკვეული პერიოდის მანძილზე სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის მაგალითზე ჩვენ ხშირად გვქონდა ინფორმაცია რეციდივის შესახებ, მათ რეკომენდაცია ეძლევათ თვითიზოლაციაზე. შესაბამისად, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების უკუკონტაქტი ხდება ამ პაციენტთან დამატებითი მონიტორინგის მიზნით”, - განაცხადა ტიკარაძემ.