საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლეებმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონდში 22 ათასი ლარი გადარიცხეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საწყის ეტაპზევე ჩაერთვნენ სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში, რომელიც საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური მდგომარეობის დაძლევას ემსახურება. მათ მიერ მიმდინარე წლის მარტში, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში - Stop.Cov.ge - 22 ათასი ლარი გადაირიცხა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები კვლავ აქტიურად განაგრძობენ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ამ მძიმე სოციალურ ვითარებაში მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.