საქართველოში შესაძლოა, ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბების წარმოება დაიწყოს - ამის შესახებ, სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საწარმოო ნიმუში და პირველი პარტია უკვე მზად იქნება.
„როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეშინია/კლავს ულტრაიისფერი დასხივება, გაჩნდა მრავალჯერადი, ულტრაიისფერი ნიღბების გაკეთების იდეა. როდესაც საქართველოში ვეცნობოდით პატენტთან დაკავშირებით ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ბევრად უფრო სწრაფად შემოგვთავაზეს ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ იდეის განხორციელება სწორედ იქ მოგვიხდა.
ნიღბების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ფაქტობრივად, უახლოეს დღეებში საწარმოო ნიმუშები და პირველი პარტია უკვე მზად იქნება. ამასთან, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ეს წარმოება საქართველოშიც იყოს. ვარჩევთ დანადგარებს და ა.შ. ნიღბის მთავარი ელემენტი არის დიოდები, ერთ ნიღაბს 2 დიოდი სჭირდება და ამ ეტაპზე 2 500 ნიღბის დამზადება შეგვიძლია,“-განაცხადა მჭედლიძემ.