2015 წელს საგარეო უწყების ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება

მომავალი წლისათვის საგარეო უწყების ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება და 100 მილიონი ლარი ხდება.

2015 წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხები განსაზღვრულია საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიისთვის უძრავი ქონების შესაძენად, თანხის ნაწილი კი, გამოყოფილია გრძელვადიანი მივლინებების საბაზისო თანხების გაზრდისთვის.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, იმის მიუხედავად, რომ საგარეო უწყებისთვის დამატებული თანხა იმ ოდენობის არ არის, რაც მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის, საგარეო დიპლომატიური ურთიერთობები მთავრობისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ამ საკითხზე ზრუნვა გაგრძელდება.